რუსეთი უკრაინაში თუ შეიჭრება, აშშ და გერმანია "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის შეჩერებაზე იმუშავებენ - ნედ პრაისი

საქართველო, თბილისი - 2022-01-27 13:06:00

შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა უარყოფითად აისახება გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი -2"-ზე.

"ორ მეზობელ ქვეყნას შორის დაძაბულობის ესკალაცია მიგვიყვანს იქამდე, რომ პროექტი რეალიზებული არ იქნება", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა საზოგადოებრივი რადიოს ეთერში.

"თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩვენ გერმანიასთან ერთად ვიმუშავებთ, რათა მივიღოთ აუცილებელი ზომები იმისთვის, რომ პროექტი წინ ვეღარ წავიდეს", - აღნიშნა პრაისმა.

ცოტა ხნის წინ ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.

"ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მშენებლობა გასული წლის სექტემბერში დასრულდა.

ნოემბერში გერმანიის ფედერალურმა ქსელის სააგენტომ გაზსადენის სერთიფიკაციის პროცედურები შეაჩერა. სააგენტოს განცხადებით, სერთიფიცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ოპერატორი წარადგენს დოკუმენტებს გერმანიაში კომპანიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკავებული იქნება "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის მართვით.