ფოტო: VOA
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კელი სოციალურ ქსელში წერს.
"ბოლოს და ბოლოს, უბრალოდ გადაიყვანეთ ამ წყეულ სამოქალაქო საავადმყოფოში. სააკაშვილმა თქვა, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაში შიმშილობას შეწყვეტს. თუ არეულობა გაწუხებთ, კლინიკის ირგვლივ შემოღობეთ პერიმეტრი. უბრალოდ გააკეთეთ პასუხისმგებლობიანი საქმე", - წერს იან კელი.
Just take him to a damn civilian hospital, at long last. #Saakashvili has said he’ll end his hunger strike if he’s taken to a civilian hospital. Put a perimeter fence around it if you’re worried about unrest. Just do the responsible thing and do it. https://t.co/PZj0XX0adn
— Ian Kelly (@ikelly731) November 18, 2021
მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობის პირველივე დღიდან მან შიმშილობა გამოაცხადა. თვეზე მეტი ხნის განმავლობაში სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
8 ნოემბერს სააკაშვილი გადაიყვანეს გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, შიმშილობა შეწყვიტოს, თუ გადაიყვანენ სამოქალაქო კლინიკაში. ამასთან, მისივე თქმით, ეს არ უნდა იყოს გორის ჰოსპიტალი.