საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის დანიშვნას ეხმიანება.
იან კელი სოციალურ ქსელში შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებიდან ამონარიდებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წევრების არჩევის პროცესი არც კონკურენტული იყო და არც გამჭვირვალე.
"პირდაპირ ვთქვათმ ეს არ არის დემოკრატია: "პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე...არ ყოფილა კონსულტაციების ან მონაწილეობის შესაძლებლობა ფართო სპექტრის კვალიფიციური კანდიდატებისთვის და არც სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მნიშვნელოვანი ჩართულობის შესაძლებლობა", - წერს კელი.
Let’s be clear: this is not democracy. “The process was neither competitive nor transparent…There was no opportunity for…participation by a broad range of qualified candidates, nor for meaningful engagement by relevant interlocutors and civil society.” https://t.co/Ul7SNXKDkp
— Ian Kelly (@ikelly731) November 2, 2021
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში შეერთებული შტატების საელჩომ, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო სისტემამ კვლავ ვერ შეძლო თავისი წევრების არჩევა კონკურენტული და დემოკრატიული საარჩევნო პროცესის მეშვეობით.
საელჩოს განცხადებით, როდესაც მოსამართლეთა კონფერენცია ნაჩქარევად იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კონკურსისა და გამჭვირვალობის გარეშე, იგი წარმოაჩენს, რომ არ სურს რეფორმების განხორციელება, რომელმაც უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და საზოგადოების ნდობა დანიშვნების პროცესის, კანდიდატებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ.
შეერთებული შტატების განცხადებას წინ უსწრებდა ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის კრიტიკული გამოხმაურება. ელჩი ჰარცელის შეფასებით, საქართველოში სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობის სფეროში ეს რიგით მეხუთე უკან გადადგმული ნაბიჯია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორი ახალი მოსამართლე წევრი, პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია. საბჭოს ახალი წევრები მოსამართლეთა XXX კონფერენციაზე აირჩიეს.
ახალი წევრების არჩევის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვეს თამარ ონიანმა და თეა ლეონიძემ.
ფოტო: VOA