ვიქტორია ნულანდი მოსკოვს ეწვევა

საქართველო, თბილისი - 2021-10-09 14:31:00

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდი მოსკოვს ეწვევა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ნულანდის ვიზიტი მოსკოვში 11-13 ოქტომბერს შედგება.

"სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი 11 ოქტომბერს მიემგზავრება მოსკოვში, სადაც შეხვდება მაღალი რანგის თანამდებობის პირებს, რათა განიხილონ სხვადასხვა ორმხრივი, რეგიონული და გლობალური საკითხი", - ნათქვამია აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დაადასტურა, რომ მიღწეულია შეთანხმება ვიქტორია ნულანდის რუსეთში ვიზიტის შესახებ.

"ვადასტურებთ, რომ მიღწეულია შეთანხმება 11-13 ოქტომბერს რუსეთში ვიქტორია ნულანდის ვიზიტთან დაკავშირებით, როგორც ამას ამერიკული მხარე ითხოვდა. იგი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ასევე არაერთი შეხვედრა გაიმართება რუსეთის სხვა უწყებების მაღალჩინოსნებთან", - თქვა ზახაროვამ.