წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" 52.54%-ით ლიდერობს - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 2021-10-03 01:33:00

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საარჩევნო ოქმების პარალელური დათვლის შედეგები გაასაჯაროვა.

ოქმების პარალელური დათვლის შედეგები ვებპორტალ elections2021.ge-ზე ქვეყნდება. პორტალზე მონაცემები პერიოდულად განახლდება და დაახლოებით 2-3 საათში არჩევნების შედეგები სრულად იქნება წარმოდგენილი.

კობახიძის თქმით, წინასწარი მონაცემებით ქართულმა ოცნებამ 52,54% აიღო. მისივე განცხადებით, დათვლილია 544 უბანი, რაც საერთო უბნების 14,53-ია.

"ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედეგები. ამ დროისთვის დათვლილია 544 უბანი, ეს არის საარჩევნო უბნების 14,53%. მთლიანობაში დათვლილია დაახლოებით 139 000 ხმა და შედეგები არის შემდეგნაირი: „ქართული ოცნება“ - 52,54%, „ნაციონალური მოძრაობა“ 29,45%, პარტია „საქართველოსთვის“ 5,71%, სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგები. ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა ტელეკომპანია „იმედისა“ და კომპანია „გორბის“ მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების შედეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამავე მონაცემების მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობას" 29.25% აქვს, ხოლო პარტია "საქართველოსთვის" - 5,71%.