ISFED-ის მიერ არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტები და სავარაუდო დარღვევები 19:00 საათისთვის

საქართველო, თბილისი - 2021-10-02 19:23:00

ძირითადი დასკვნები 19:00-სთვის

დამკვირვებლებისგან მიღებული ინფორმაციით, კვლავ ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში.

მრავალჯერადი დარღვევები დაფიქსირდა მარნეულის ორ საარჩევნო უბანზე, სადაც გამოვლინდა პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემის არაერთი შემთხვევა, მარკირების შემოწმებისა და ჩატარების გარეშე ხმის მიცემის არაერთი ფაქტი, აგრეთვე ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ორგანიზაციამ აღნიშნულ უბნებზე კენჭისყრის შედეგების ბათილობა მოითხოვა.

გრძელდება უბნის შიგნით, უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვა და მათი პირადი ინფორმაციის მესამე პირებისთვის გადაცემა.

კვლავ პრობლემად რჩება „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის დაკვირვების უფლების შეზღუდვა, რაც, ძირითადად, გამოიხატება მათთვის მტრული გარემოს შექმნაში. აღნიშნული ფიქსირდება საარჩევნო უბნების გახსნის მომენტიდან და აქვს განგრძობადი ხასიათი.

ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 საათისთვის PVT შედეგების საფუძველზე:

საარჩევნო უბნების 98.9%-ზე, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, კენჭისყრის პროცესი კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მინდინარეობდა, რაც სტატისტიკურად იგივეა რაც 2020 წლის შესაბამისი მონაცემი (96.2%).

გარე დაკვირვების სტატისტიკა PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

„სამართლიანმა არჩევნებმა“ უბნის გარეთ მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია შერჩევაში მოხვედრილი 121 უბნიდან სრულად მიიღო. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად:

დარღვევები

ამ დროისთვის, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

ამომრჩეველთა აღრიცხვა უბნის შიგნით (3)

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა /უბნის ბათილობის საფუძველი (2)

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა (1)

დამკვირვებლის მიერ კომისიის საქმიანობისთვის ხელის შეშლა (1)

ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები (4)

მარკირების წესის დარღვევა (2)

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული ხარვეზები (1)

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები (2)

საჩივრები (137) და განცხადებები (40)

ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 70 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში - 66 საჩივარი. 1 საჩივარი წარედგინა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. 40 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.

ინფორმაცია სადამკვირვებლო მისიის შესახებ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) აკვირდება.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია შედგება 83 მობილური ჯგუფისგან და 1000-მდე საუბნო და 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისგან. ამასთანავე, „სამართლიანი არჩევნები“ 121 დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდება უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებსაც. არჩევნების დღეს, ორგანიზაციის სათაო ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (25 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (21 იურისტი).

არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation - PVT) მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლინდა დასაკვირვებელი უბნები თბილისშიც. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევაა უბნის გარე დაკვირვების შემთხვევაშიც. დაკვირვების ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ არჩევნების დღის დარღვევები, სრულფასოვნად შევაფასოთ უბანზე მიმდინარე პროცესები და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

არჩევნების დღეს გამოვლენილ ინციდენტებისა და სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია ასახავს არჩევნების პორტალის ინტერაქტიულ რუკაზე, მისამართზე http://www.electionsportal.ge/. სავარაუდო დარღვევების შესახებ ინფორმაცია არჩევნების პორტალზე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოაგზავნოს, SMS-ის საშუალებით, უფასო ნომერზე 90039 ან ვებპორტალზე - http://www.electionsportal.ge/geo/new_incident.