აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნება

საქართველო, თბილისი - 2021-04-26 16:25:00

აღდგომის ღამეს გადაადგილებაზე შეზღუდვა ნაწილობრივ მოიხსნება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, პირველ მაისს 21:00 საათის ნაცვლად, დაიწყება 23:00 საათიდან და გაგრძელდება 2 მაისის 04:00 საათამდე.

"საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება; მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

ამასთან, გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები", - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში.