მარტვილში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-21 11:09:00

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. 

მოქალაქე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის მიმდებარედ, ტყის ფონდის ტერიტორიიდან, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევს ავტომანქანის ძარაზე დიდი ოდენობით ხე-ტყე - დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის 10 ერთეული და ნეკერჩხლის სახეობის 3 ერთეული მრგვალი მორი ჰქონდა განთავსებული. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანა და მორები დალუქეს, სამართალდამრღვევის მიმართ კი, შესაბამისი აქტი შეადგინეს.

ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის ორგანოს გადაეგზავნება.