მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-20 15:37:00

მეხანძრე-მაშველებმა თბილისში გაუჩინარებული მამაკაცის ცხედარი მდინარე მტკვარში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შესული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე 19 აპრილს სახლიდან სათევზაოდ გავიდა და უკან არ დაბრუნებულა. 

შეტყობინების მიღებისთანავე, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, მდინარე მტკვარში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაიწყო. მაშველები დაკარგულ მოქალაქეს როგორც წყალში, ასევე, მდინარის სანაპირო ზოლზე ეძებდნენ. მაშველებმა აქტიური სამუშაოების შედეგად, მამაკაცის ცხედარი ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდის მიმდებარედ, წყალში აღმოაჩინეს.

პროცესში ჩართული იყო 3 მყვინთავი და 50-მდე მეხანძრე-მაშველი. მობილიზებული იყო 4 ნავი.