რა წერია კრისტიან დანიელსონის დოკუმენტში

საქართველო, თბილისი - 2021-04-16 17:45:00

ცოტა ხნის წინ, "ქართული ოცნების" ოფისში გამართლ საგანგებო ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ხელს აწერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტს.

კრისტიან დანიელსონმა საქართველოსთვის სამომავლო გზასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს წინადადება 31 მარტს შესთავაზა. 

დოკუმენტში აღნიშნულია:

სამომავლო გზა საქართველოსთვის

ჩვენ, წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიები, ვითვალისწინებთ რა საერთო ინტერესებს იმისთვის, რომ: დასრულდეს არსებული პოლიტიკური უთანხმოება და წინ წაიწიოს საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის დღის წესრიგმა პოლიტიკური, მართლმსაჯულებისა და ანტიკორუფციული რეფორმების გატარების გზით; შესაძლებლობა მიეცეს ჩვენს ქვეყანას, იყოს ძლიერი და ერთიანი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ჯანდაცვისა და ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად; უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ინტერესები რეგიონალური გამოწვევების პირობებში; ვიმოქმედოთ მიზანდასახულად საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განსახორციელებლად;

ვაღიარებთ რა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მხარდაჭერას, ვთანხმდებით, რომ: ამ შეთანხმების ხელმოწერისთანავე შევალთ პარლამენტში და სრულად მივიღებთ მონაწილეობას საპარლამენტო საქმიანობაში; მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს ურთიერთპატივისცემით და იმის აღიარებით, რომ საქართველოს სტაბილურობას ერთიანობა სჭირდება. შესაბამისად, ვიღებთ ვალდებულებას, რომ სწრაფად და კეთილსინდისიერად განვახორციელებთ შემდგომში მოცემულ ყველა საკითხს:

1. პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

გარდა ამისა, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

ვადები:

1.ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ამ დებულების შესასრულებლად საჭირო ქმედებები.

2. ყველა ხელმომწერი შედის პარლამენტში, რომ კენჭი უყაროს საკანონმდებლო და რეგლამენტის ცვლილებებს.


2. ამბიციური საარჩევნო რეფორმა

ვადები:

1.საარჩევნო კანონპროექტის განხილვა სამუშაო ჯგუფში განახლდება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლის შემდეგ.

2. შეთანხმების მიღწევიდან ორი კვირის განმავლობაში შეცვლილი კანონპროექტი, რომელიც ამ შეთანხმებას სრულად ასახავს, გაიგზავნება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში (OSCE/ODIHR) დასკვნის მისაღებად.

3.ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე


3. კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

ამ საპარლამენტო ვადაში, ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმების გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგის ნიშნად, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს ამბიციური სასამართლო რეფორმა, შემდეგი პუნქტების ჩათვლით:

სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და ხარისხის გასაზრდელად, საქართველოს ხელისუფლებამ, 2017 და 2019 წლებში მიღებული მართლმსაჯულების რეფორმების ორი პაკეტის შესაბამისად: ა) პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა, განსაკუთრებით მოსამართლეების დასანიშნად კეთილსინდისიერებასა და კომპეტენციის კრიტერიუმებზე დაფუძნებული წერილობითი დასაბუთების გამოქვეყნების გზით; ბ) პარლამენტს უნდა წარუდგინოს კანონპროექტი უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის #949/2019 დასკვნის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, რაც ეხება დანიშვნებისადმი ეტაპობრივ მიდგომას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ღია კენჭისყრას და საბჭოს მიერ წარდგენების დასაბუთების საჭიროებას; გ) უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავი უნდა შეიკავოს; დ) მიიღოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2019 წლის ივნისში მიღებული გადაწყვეტილების აღმსრულებელი კანონმდებლობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოსაქვეყნებლად წესების დადგენის გზით. ·ამავდროულად, უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

ვადები:

1.ამ შეთანხმების განხორციელებისა და შემდგომი რეფორმების შესახებ დისკუსია იწყება სხვა ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შესვლისთანავე.

2.პროექტი შედგენილია და 1 ივლისამდე იგზავნება ვენეციის კომისიაში დასკვნის მისაღებად.

3.პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე ჩატარდება.

4.პარლამენტი სწრაფად დაამტკიცებს რეფორმებს, არა უგვიანეს 2022 წლის საგაზაფხულო სესიისა.


4. პარლამენტში ძალაუფლების განაწილებ

პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან:

1. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი

2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი

5. საგარეო საქმეთა კომიტეტი


5. მომავალი არჩევნები

პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა. (...) ფორმალურ საფუძველზე საჩივრების უდიდესი ნაწილის განხილვაზე სისტემურმა უარის თქმამ საგრძნობლად შეამცირა მათზე ეფექტური სამართლებრივი რეაგირება.“ პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე. 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლება მოითხოვს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩამოსვლას.

ვადები:

მხარეებს პოლიტიკური ვალდებულება ეკისრებათ შეთანხმების ხელმოწერისთანავე