აჭარისა და გურიაში ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს

საქართველო, თბილისი - 2021-04-13 10:31:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ინერტული მასალების უკანონო მოპოვების ორი ფაქტი გამოავლინეს. 
მოქალაქეები, ბათუმში, ახალსოფლის მიმდებარედ, მდინარე ჭოროხის კალაპოტში ქვიშა-ხრეშს, სპეციალური ტექნიკით (ესკავატორი) უკანონოდ მოიპოვებდნენ. ერთ-ერთ სამართალდამრღვევს, სატვირთო ავტომანქანაზე, 20 კუბური მეტრი უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეში ჰქონდა განთავსებული. 
დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა  სპეციალური ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.