დღეს თუ ვინმე ცდილობს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა, არის მხოლოდ რუსული ნარატივი და მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ - ბექა ძამაშვილი

საქართველო, თბილისი - 2021-04-06 20:03:00

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს წინაშე რუსეთი ცდილობდა, ემტკიცებინა, თითქოს საქართველომ დაბომბა ცხინვალი, მათ შორის კასეტური იარაღის გამოყენებით.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ, წარადგინა მყარი მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები სრულად გაქარწყლდა.

"სტრასბურგის სასამართლოს წინაშე რუსეთი ცდილობდა, ემტკიცებინა, თითქოს საქართველომ დაბომბა ცხინვალი, მათ შორის კასეტური იარაღის გამოყენებით. საქართველოს მთავრობამ, რა თქმა უნდა, წარადგინა მყარი მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები სრულად გაქარწყლდა და ევროპული სასამართლოს მართლაც რომ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც დადასტურდა, რომ თუკი ვინმე არღვევდა ადამიანის უფლებებს და თუ ვინმე სჩადიოდა დანაშაულს 2008 წლის ომის დროს, ეს იყო რუსეთის ფედერაცია, ამ ყოველივეს შემდეგ, თუ ვინმე ცდილობს დღეს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა, ეს მხოლოდ რუსული ნარატივის გაგრძელებაა და რა თქმა უნდა მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ", - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრის სერგი კაპანაძის განცხადებას:

"ძალიან სასაცილო პროცესს ვაკვირდები. ქოცებს ისე ძალიან უნდათ, ოპოზიციიდან ვიღაცას ათქმევინონ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, ყველაფერს კადრულობენ. თან ისეთი დებილები არიან (მდინარაძე და ის მეორე ახალი სპიკერი რომ ჰყავთ, პირველ რიგში) ფაქტებიც აღარ აინტერესებთ.

საქართველოს მძინარე ცხინვალი კი არ დაუბომბია, თქვე შტერებო, სამხედრო წერტილები დაბომბა ცხინვალში, ანუ, ხო, ცხინვალი დაბომბა, ოღონდ, მშვიდობიანი მოსახლეობა არა. მაგას თქვენი პრეზიდენტი იძახის. კიდევ, თქვენი ბიძინა უფროსი და რუსები. და კასეტური ბომბები კიდევ სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იქნა გამოყენებული. კერძოდ, მ-85 ბომბები და ისიც სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ოსლოს კონვენციას, რომელიც კრძალავს ასეთი ბომბების გამოყენებას, მაშინ შეერთებული არ ვიყავით, მერე შევუერთდით.

ახლა აქედან თუ რომელიმე პროპაგანდონი დასკვნას გააკეთებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, გააკეთოს. ოღონდ, აქედან ეგ არ გამომდინარეობს. არც ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-დან. იქ მეხუთე პარაგრაფს რომ კითხულობთ მარტო, მეოთხეც და მეექვსეც წაიკითხეთ, მერე მთელ რეზოლუციას გადაავლეთ თვალი და თუ მართლა ქვეყნის მტრები არ ხართ, მიხვდებით როგორი მაგარი რეზოლუციაა. პოსტივის არასოდეს სერიოზულად არ ვპასუხობ. ვცდილობ, ყოველ შემთხვევაში. დღესაც ასე იყო. ამიტომ, იმედი, პოსტივი და სხვა სამთავრობო რუპორები, ნუ შემეხმიანებით. შეგიძლიათ, პირდაპირ ამ პოსტის თქვენეული დამახინჯებული ინტერპრეტაციით იხელმძღვანელოთ.

დებილ მდინარაძეს რაღაც დაუწერია, საქართველო არ აღიარებსო ომის დაწყებასო და სერგი აღიარებსო. ნუ, აი, არც კი ვიცი რა ვუპასუხო. უბრალოდ, დებილია და მორჩა", - დაწერა კაპანაძემ სოციალურ ქსელში.