საქართველოს ეროვნულ არქივის მასალა გერმანელების შესახებ ონლაინ გახდა ხელმისაწვდომი

საქართველო, თბილისი - 2021-04-01 10:17:00

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფონდებში საქართველოსა და ამიერკავკასიაში მცხოვრები გერმანელების შესახებ დაცული XIX-XX საუკუნეების დოკუმენტები ელექტრონული პროგრამის მეშვეობით გახდა ხელმისაწვდომი: https://archival-services.gov.ge/germanelebi/

საქართველოში გერმანელები 1817 წლიდან დასახლდნენ და მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში.

ელექტრონულ კატალოგში წარმოდგენილია საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, რომელიც ეხება: გერმანული კოლონიების დაარსებას; კოლონიების მმართველობის სტრუქტურას; მიწათმფლობელობის საკითხებს;  საკომლო აღწერას; 
სკოლებისა და სასწავლებლების მშენებლობას; ევანგელისტ-ლუთერანი მრევლის საქმიანობას; მისიონერთა მოღვაწეობას; ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების მშენებლობას და სხვ.

ონლაინკატალოგი მოიცავს 10-ზე მეტი საარქივო ფონდის 400-მდე საქმეს.