სამოქალაქო საზოგადოება მმართველ პარტიას კრიზისის დასძლევად 5-პუნქტიან გეგმას სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 2021-03-05 13:59:00

სამოქალაქო საზოგადოება ეხმიანება პოლიტიკური პარტიების დიალოგის განახლებას და მიესალმება ევროპელი პარტნიორების აქტიურ როლს ამ პროცესში. სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევა შესაძლებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შედეგად, რომელთა მიზანი არსებული დაძაბული სიტუაციის განმუხტვა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ინსტიტუციური რეფორმების გატარება უნდა იყოს.

„ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ჩვენი სამშობლოს წინსვლისთვის, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ვითარების დეესკალაცია და მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების დაწყება. აუცილებელია ამ პროცესში ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის თანამონაწილეობა და პოტენციურ ვადამდელ არჩევნების საკითხზე შეთანხმებასთან ერთად, ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რაც ქვეყანას განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს, უზრუნველყოფს დაბალანსებისა და გაწონასწორების ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც მომავალში სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევას გამორიცხავს და ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუქცევადს გახდის. მიგვაჩნია, რომ კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, უნდა გადაიდგას რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი: 

1. სიტუაციის განმუხტვის, ნდობის აღდგენის და მოლაპარაკებებისთვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნის მიზნით გათავისუფლდეს ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ნიკა მელია და ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელემაუწყებლის მეწილე, გიორგი რურუა. შეწყდეს სამართლებრივი დევნა პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა, ასევე, ე.წ. კარტოგრაფების საქმის ფიგურანტების წინააღმდეგ. 

2. გატარდეს რეალური საარჩევნო რეფორმა - ახალმა საარჩევნო რეფორმამ უნდა გაზარდოს როგორც ამომრჩევლების, ისე პარტიების ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ. რეფორმის ფარგლებში უნდა შეიცვალოს ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი; უნდა დაინერგოს ხმის მიცემის და დათვლის ელექტრონული სისტემები; უნდა განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის რეფორმა; საპარლამენტო საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს სრულად პროპორციული სისტემით, უფრო მცირე ბარიერით.

3. გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია და ოპოზიციას პოლიტიკურ პროცესზე გავლენის გარკვეული ბერკეტები გადაეცეს

4. გადაიდგას ნაბიჯები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის მიმართულებით

5. ჩატარდეს ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმა

განცხადებას ხელს აწერს 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია, ჟურნალისტი და ანალიტიკოსი.