საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ეწვია

საქართველო, თბილისი - 2021-02-16 09:17:00

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე ესტუმრა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შვედი დიპლომატი შეხვდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, რა დროსაც განხილული იქნება შვედეთთან, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანასთან საერთაშორისო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობა შვედეთის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ვიზიტის ფარგლებში, ენ ლინდე ეწვევა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს.

ენ ლინდე საქართველოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 2020 წელს ესტუმრა.