ორ დღეში ვიწყებთ ვაქცინაციას. თანდათან ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით - ევროკომისიის პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 2020-12-25 17:28:00

ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის დაწყების კვალდაკვალ, ევროკავშირის ქვეყნები ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდებიან.

"წლევანდელი შობა განსხვავებულია, თუმცა დღეს იმედის გზავნილი მაქვს: ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამ ვირუსს. 2 დღეში ვაქცინაცია დაიწყება ევროკავშირის მასშტაბით. თანდათანობით, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას. მანამდე კი ფრთხილად ვიყოთ. შობას გილოცავთ", - დაწერა ურზულა ფონ დერ ლაიენმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".

ორშაბათს ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. მანამდე ვაქცინა დაამტკიცა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ. მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია 27-29 დეკემბერს დაიწყებოდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ Pfizer/BioNTech ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის ერთდროულად და თანაბარი პირობებით.

მანამდე ევროკომისიამ დადო კონტრაქტები არაერთ კომპანიასთან, რაც უზრუნველყოფს COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინების ევროკავშირისთვის მიწოდებას, თუ ისინი აღმოჩნდებიან უსაფრთხო და ეფექტური. მათ შორისაა Pfizer/BioNTech, AstraZeneca, Johnson & Johnson, Sanofi-GSK, CureVac, Moderna. საერთო ჯამში, ევროკავშირის დაახლოებით 450-მილიონიანი მოსახლეობისთვის 2 მილიარდზე მეტი დოზაა გათვალისწინებული.

ხელშეკრულება Pfizer/BioNTech-თან მოიცავს ევროკავშირისთვის 200 მილიონი დოზის მიწოდებას, კიდევ 100 მილიონის მიწოდების შესაძლებლობით.