კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთდროულად გაიგზავნა ევროკავშირის ყველა ქვეყანაში. განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ვაქცინაციის მასობრივი პროგრამა უახლოეს დღეებში დაიწყება.
"დავრწმუნდი, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ერთდროულად გაიგზავნა ევროკავშირის ქვეყნებში. უახლოეს დღეებში პირველი ევროპელები აიცრებიან", - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა მიკრობლოგ "ტვიტერზე".
I’m moved to see the first #COVID19 vaccines shipped to all EU countries, at the same time.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 24, 2020
In a few days, the first Europeans will be vaccinated.
Vaccines will be available for all soon.
Together, we will overcome the pandemic. https://t.co/PMEV2fAi4q
ორშაბათს ევროკომისიამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას მწვანე შუქი აუნთო. მანამდე ვაქცინა დაამტკიცა ევროპის მედიკამენტების სააგენტომ. მაშინ ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ვაქცინაცია 27-29 დეკემბერს დაიწყებოდა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ Pfizer/BioNTech ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის ერთდროულად და თანაბარი პირობებით.
მანამდე ევროკომისიამ დადო კონტრაქტები არაერთ კომპანიასთან, რაც უზრუნველყოფს COVID-19– ის საწინააღმდეგო ვაქცინების ევროკავშირისთვის მიწოდებას, თუ ისინი აღმოჩნდებიან უსაფრთხო და ეფექტური. მათ შორისაა Pfizer/BioNTech, AstraZeneca, Johnson & Johnson, Sanofi-GSK, CureVac, Moderna. საერთო ჯამში, ევროკავშირის დაახლოებით 450-მილიონიანი მოსახლეობისთვის 2 მილიარდზე მეტი დოზაა გათვალისწინებული.
ხელშეკრულება Pfizer/BioNTech-თან მოიცავს ევროკავშირისთვის 200 მილიონი დოზის მიწოდებას, კიდევ 100 მილიონის მიწოდების შესაძლებლობით.