კალიფორნიის სასამართლომ სერიულ სექსუალურ მოძალადეს 897 წელი მიუსაჯა

საქართველო, თბილისი - 2020-12-19 19:11:00

სერიულ სექსუალურ მოძალადეს, რომელიც დანაშაულებს თითქმის 30 წლის განმავლობაში ჩადიოდა, კალიფორნიის სასამართლომ 897 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იტყობინება Associated Press-ი.

გამოცემის ინფორმაციით, 60 წლის როი ჩარლზ უოლერს, რომელიც NorCal Rapist-ის [ჩრდილოკალიფორნიელი მოძალადე] სახელით არის ცნობილი, განაჩენის მოსმენისას არავითარი ემოცია არ გამოუვლენია. მან უარი თქვა მიემართა სასამართლოსთვის, ან მსხვერპლთათვის.

როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, უოლერი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

როი უოლერი 9 ქალის გაუპატიურებაში, გატაცებასა და სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული. 9-ვე მათგანმა ჩვენება მისცა სასამართლოს მოძალადის წინააღმდეგ. ისინი საუბრობდნენ იმ შიშსა და ტერორზე, რომელსაც უოლერის მხრიდან წლების განმავლობაში განიცდიდნენ.

ერთ-ერთმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ უოლერის დაკავების დღეს, 2006 წლის შემდეგ პირველად მიიღო შხაპი შიშის გარეშე.

უოლერი, რომელიც სან-ფრანცისკოს ყურის არეალში, ქალაქ ბენიკიაში ცხოვრობდა, დააკავეს კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში, სადაც ის 25 წლის განმავლობაში მუშაობდა უსაფრთხოების სპეციალისტად.