შეერთებულ შტატებში დაიწყო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა

საქართველო, თბილისი - 2020-12-14 21:02:00

ამერიკული მედიის ცნობით, ორშაბათს შეერთებულ შტატებში დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროგრამა.

შტატების მთელ ტერიტორიაზე სპეციალური გადამზიდავი კონტეინერებით მიმდინარეობს ვაქცინის მილიონობით დოზის განაწილება.

როგორც იუწყებიან ორშაბათს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინას 150-მდე კლინიკა მიიღებს.

იმუნიზაციის პროგრამის მიზანია აპრილამდე 100 მლნ ადამიანის ვაქცინაცია.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას და ამერიკასა და მსოფლიოს მიულოცა ეს დღე.

"პირველი ვაქცინა გაკეთდა. ვულოცავ აშშ-ს! ვულოცავ მსოფლიოს!" - დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა გადაუდებელი მოხმარებისთვის პარასკევს დაამტკიცა.

შეერთებული შტატები გახდა მესამე ქვეყანა დიდი ბრიტანეთისა და კანადის შემდეგ, რომელიც გამოიყენებს Pfizer/BioNTech ვაქცინას მასობრივი იმუნიზაციისთვის.

Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინა უნდა ინახებოდეს –70 C ტემპერატურაზე.

პირველ ეტაპზე, ვაქცინას, ექიმები და რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები მიიღებენ. სულ, ამერიკაში პირველ ეტაპზე 40 მილიონი დოზა ვაქცინა იქნება. რაც 20 მილიონის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი.

18 ნოემბერს Pfizer-მა და BioNTech-მა განაცხადეს, რომ მათ მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

"ფაიზერის" ვაქცინის გამოყენება დიდმა ბრიტანეთმა 8 დეკემბრიდან დაიწყო.