Apple-მა ახალი iPhone წარადგინა | ფოტოები

საქართველო, თბილისი - 2020-10-13 21:53:00

კორპორაცია Apple-მა კალიფორნიაში, კუპერტინოს კამპუსში iPhone 12 წარადგინა.

ახალი iPhone 12 იქნება კომპანიის პირველი სმარტფონი, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება.

როგორც Apple- ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა განაცხადა, ეს ახალი ტექნოლოგიური ეპოქის დასაწყისია: 5G ტექნოლოგია ნიშნავს ფაილების ჩამოტვირთვისა და ატვირთვის ხარისხის ახალ დონეს, სიჩქარის უფრო მაღალ დონეს, ინტერაქტიულობას და ა.შ.

ახალი სმარტფონი იქნება უფრო თხელი (11%-ით) და მსუბუქი (16%-ით) ვიდრე მისი წინამორბედი. იგი აღჭურვილი იქნება 6,1-ინჩიანი OLED დისპლეით.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც ახალ სმარტფონს ექნება, ეს არის უსადენო მაგნიტური დატენვის შესაძლებლობა MagSafe-ის გამოყენებით.

დაპირებისამებრ, სმარტფონის ორმაგი კამერა უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ ღამის რეჟიმს.

iPhone 12 ხელმისაწვდომი იქნება ხუთ ფერში: შავი, თეთრი, წითელი, ლურჯი და მწვანე. ღირებულება 799 დოლარი იქნება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო iPhone 12 mini - ახალი სმარტფონის "უმცროსი ძმა" 5.4-ინჩიანი ეკრანით. მინი ვერსიის საცალო ფასი 699 აშშ დოლარი იქნება.

წარადგინეს ასევე iPhone 12 Pro, 6,1-ინჩიანი ეკრანით და Pro Max 6,7-ინჩიანი ეკრანით.