მსოფლიოში, შესაძლოა, ყოველი მე-10 ადამიანი, კორონავირუსით დაინფიცირდეს - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 2020-10-05 17:02:00

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, შესაძლოა, დედამიწის მოსახლეობის 10% კორონავირუსით დაინფიცირდეს. იტყობინება სააგენტო Associated Press-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის დირექტორის, მაიკლ რაიანის განცხადებაზე დაყრდნობით.

რაიანის განცხადებით, ჯანმო-ს შეფასებით, მსოფლიოში ყოველი მეათე ადამიანი შესაძლოა Covid-19-ით დაინფიცირდეს. ეს მაჩვენებელი დაახლოებით 760 მლნ ადამიანს უდრის.

მისივე თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი განსხვავებული იქნება დიდ ქალაქებსა და მცირე ზომის დასახლებებში, მაგრამ მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა რისკის ქვეშ იმყოფება.

როგორც რაიანმა განაცხადა,  COVID-19-ით დაავადებული ადამიანების სიკვდილიანობის რეალური რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით.

"გარწმუნებთ, რომ ამჟამინდელი მაჩვენებლები რეალურზე დაბალია", - თქვა მან.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 35 231 182 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი ადამიანი.

ფოტო: EPA