ვაქცინის ფართო გამოყენებამდე, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, ორ მილიონამდე გაიზარდოს - ჯანმო

საქართველო, თბილისი - 2020-09-25 21:41:00

COVID-19- ის გლობალური სიკვდილობის მაჩვენებელი შეიძლება 2 მილიონამდე გაიზარდოს, ვიდრე ეფექტური ვაქცინა ფართოდ იქნება გამოყენებული და შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს პანდემიასთან ბრძოლის შეთანხმებული ქმედებების გარეშე, - განაცხადეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟენევაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.

"თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ [არ მივიღებთ შეთანხმებულ ზომებს]... რიცხვი, რომელზეც საუბრობთ [2 მილიონი გარდაცვალება] არა მხოლოდ წარმოსადგენია, არამედ სამწუხაროდ, ძალიან სავარაუდოა", - განაცხადა მაიკ რაიანმა.

ჩინეთში ახალი კორონავირუსის აღმოჩენიდან დაახლოებით ცხრა თვის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი უახლოვდება 1 მილიონს.

რაიანმა თქვა, რომ ახალგაზრდები არ უნდა დავადანაშაულოთ ინფექციის ბოლოდროინდელ ზრდაში, მიუხედავად მზარდი შეშფოთებისა, რომ ახალგაზრდები განაპირობებენ მის გავრცელებას მთელ მსოფლიოში, შეზღუდვებისა და კარანტინის შემსუბუქების შემდეგ.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე მსოფლიოში "კოვიდ- 19"-ის შედეგად 984 590 ადამიანია გარდაცვლილი.