ოთხშაბათს, 19 აგვისტოს, ბრიუსელში დაიწყო საგანგებო სამიტი ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით, სადაც ბელარუსში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ
სამიტი ვიდეოკონფერენციის ფორმატით იმართება.
"ბელორუსის ხალხს აქვს უფლება, გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი და თავისუფლად აირჩიონ თავიანთი ლიდერი. მომიტინგეების მიმართ ძალადობა მიუღებელია", - წერს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჩარლზ მიშელი თავის Twitter-ზე.
I will call a meeting of the members of the European Council this Wednesday 12h00 to discuss the situation in #Belarus
— Charles Michel (@eucopresident) August 17, 2020
The people of Belarus have the right to decide on their future and freely elect their leader
Violence against protesters is unacceptable and cannot be allowed
საგანგებო სამიტზე ბელარუსის ოფიციალური პირების სანქცირების გარდა, ასევე იმსჯელებენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერ პროგრამებზე. იგულისხმება დემონსტრაციებზე დაზარალებულთა მხარდაჭერა, მედიაპლურალიზმის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება, სამართალდამცავი ორგანოების რეფორმირების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება, სტუდენტთა გაცვლით პროგრამების მასშტაბების გაფართოება და სხვა.
პარასკევს, 14 აგვისტოს, ევროკავშირის სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაწესდება სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა ჩართული იყვნენ დემონსტრანტების მიმართ ძალადობასა და ბელარუსში არჩევნების შედეგების გაყალბებაში.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო სანქციების სიის შედგენა.
ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოვსკაიამ, სადაც მან მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, არ აღიარონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.