აშშ-მა რუსეთში გაგზავნა 5.6 მლნ ღირებულების სამედიცინო ტვირთი, რომელთა შორის, 200 სუნთქვის აპარატია

საქართველო, თბილისი - 2020-05-21 21:33:00

შეეთებული შტატები კორონავირუსის ეპიდემიასთან საბრძოლველად, რუსეთს 5.6 მილიონ აშშ დოლარის ღირებულების ხელოვნური სუნთქვის აპარატებსა და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს.

სამედიცინო-ჰუმანიტარული ტვირთის პირველი პარტია მოსკოვმა უკვე მიიღო. მეორე პარტია რუსეთში მომავალ კვირაში ჩავა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთში შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა.

"უმაღლესი ხარისხის 200 ხელოვნური სუნთქვის აპარატი წარმოებულია აშშ-ში და მზად არის იმისათვის, რომ დაიწყოს მისი დაუყოვნებლივი გამოყენება.

წარსულში შეერთებული შტატები და რუსეთი კრიზისის დროს ერთმანეთს ეხმარებოდნენ და, ეჭვგარეშეა, მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, განსაკუთრებით კრიზისის დროს”, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

მანამდე რუსეთმა გაგზავნა შეერთებულ შტატებში სამედიცინო ტვირთი, მათ შორის რუსული წარმოების სუნთქვის აპარატები, Aventa-M. მოგვიანებით, ამ წარმოების სუნთქვის აპარატების გამოყენება შეაჩერეს, რადგან ორ სხვადასხვა საავადმყოფოში, მოსკოვსა და პეტერბურგში ხანძარი გამოიწვია, რასაც პაციენტების სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეერთებულ შტატებში რუსეთიდან მიღებული ხელოვნური სუნთქვის აპარატებიარ გამოუყენებიათ.