შეერთებულმა შტატებმა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტის" შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა. ინფორმაციას შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ცნობით, სანქციები დაუწესდა Rosneft Trading SA-ს და მისი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს დიდიე კასიმიროს.
დიდიე კასიმირო ამავდროულად "როსნეფტის" ვიცე-პრეზიდენტი და დირექტორთა საბჭოს წევრია.
გავრცელებული ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციამ კომპანიის წინააღმდეგ სანქციები ვენესუელის ნავთობის გაყიდვაში მონაწილეობისთვის დააწესა.
"კომპანია აკონტროლებს მადუროს [ვენესუელის დეფაქტო პრეზიდენტი] რეჟიმის ნავთობის უზარმაზარ მოცულობას, რომლითაც მთელ მსოფლიოში ვაჭრობს და ვენესულის მიმართ დაწესებულ სანქციებს თავს არიდებს", - განაცხადეს თეთრს სახლში.
სანქციების შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღო.
"როსნეფტის" შვილობილი კომპანიისთვის სანქციების დაწესებას მალევე გამოეხმაურა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.
"დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ რუსულ ნავთობკომპანია Rosneft Trading S.A.-ს, რითაც გავწყვიტეთ მადუროს რეჟიმის მთავარი მაშველი რგოლი, რომლითაც ის ვენესუელის ნავთობის სექტორზე დაწესებულ სანქციებს თავს არიდებდა. ყველა, ვინც მხარს უჭერს კორუმპირებულ რეჟიმს და ვენესუელელი ხალხის დევნას შესაძლებელს ხდის, პასუხს აგებს", - დაწერა პომპეომ.
Today we sanctioned Russian-owned oil firm Rosneft Trading S.A., cutting off Maduro’s main lifeline to evade our sanctions on the Venezuelan oil sector. Those who prop up the corrupt regime and enable its repression of the Venezuelan people will be held accountable.
— Secretary Pompeo (@SecPompeo) February 18, 2020