რუმინეთის მმართველი კოალიცია დაიშალა

საქართველო, თბილისი - 2019-08-27 12:22:00

რუმინეთის კოალიციური მთავრობა დაიშალა, მას შემდეგ, რაც კოალიციაში შემავალმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ მთავრობის შემადგენლობა დატოვა.

ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა კელინ პოპესკუ-ტერიჩანუმ განაცხადა, რომ მას აღარ სურს სოციალ-დემოკრატებთან მუშაობა.

თავის მხრივ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ვიორიკა დენჩილამ განაცხადა, რომ ის არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.

დენჩილეს თქმით, მისი პარტია [სოციალ-დემოკრატები] განაგრძობს ქვეყნის მართვას და იგი შეეცდება პარტნიორების მოპოვებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.

რუმინეთის პარლამენტში სოციალ-დემოკრატებს 465 ადგილიდან 205 მანდატი აქვთ.

რუმინეთის მმართველი კოალიცია, რომელიც ლიბერალ-დემოკრატებისა და სოციალ-დემოკრატებისგან შედგებოდა, ქვეყანას 2016 წლიდან მართავდა.

ორ პარტიას შორის დაძაბულობა სოციალ-დემოკრატების მხრიდან პრეზიდენტობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრის ვიორიკა დენჩილას წარდგენას მოჰყვა.