მარნეულში ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ოთხი ბიულეტენი ჩააგდო და გაიქცა - ISFED

საქართველო, თბილისი - 2019-05-19 15:20:00

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) ინფორმაციით, მარნეულის #68- საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა საარჩევნო ყუთში ოთხი ბიულეტენი ჩააგდო და უბნიდან ისე გაიქცა, რომ სავარაუდოდ თან წაიღო რამდენიმე ბილეტენი.

ორგანიზაციის ცნობით, ამავე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა სხვა დარღვევებსაც.

"მარნეულის #68- საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა. კომისია იმგვარად არის განთავსებული სარეგისტრაციო მაგიდებთან, რომ პროცესზე დაკვირვება შეუძლებელია. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს კომისიის თავმჯდომარემ რეგისტრაციის პროცესზე დაკვირვების უფლება შეუზღუდა. ამავე უბანზე, ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველს ხელი სხვა ამომრჩევლის გრაფაში მოაწერინა, რაზეც „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის რეაგირების შემდგომ, კომისიამ დამკვირვებლის უბნიდან გაძევების შესახებ ოქმის შედგენა განიზრახა", - აცხადებს "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".

ISFED-ი 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების მონიტორინგს 240-მდე მოკლევადიანი დამკვირვებლისა და 10 მობილური ჯგუფის მეშვეობით, თორმეტივე საარჩევნო ოლქში ახორციელებს.