შრი-ლანკაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 2019-04-22 13:56:00

შრი-ლანკაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავდა 500-მდე ადამიანი.

სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, შრი-ლანკაში ტერაქტების სერიაში შვიდი თვითმკვლელი ტერორისტი მონაწილეობდა.

შესაბამისი დასკვნა ექსპერტებმა თვითმკვლელთა ცხედრების ანალიზის შედეგად გააკეთეს. საუბარია რვიდან ექვს აფეთქებაზე, რომელიც შრი-ლანკაში გუშინ მოხდა. აღნიშნულია, რომ კოლომბოში სასტუმრო „შანგრი-ლაში“ თავი ორმა თვითმკვლელმა აიფეთქა, დანარჩენ ტერაქტებში სავარაუდოდ, თითო-თითო ტერორისტი მოქმედებდა.

კვირას შრი-ლანკაში აფეთქებების სერია მოხდა. ექვსი აფეთქება სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე კუნძულის დასავლეთით, მერვე კი კოლომბოს გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში.

შრი-ლანკის პოლიციამ ტერაქტების კავშირში ბრალდებული 24 ადამიანი დააკავა.

ფოტო: Reuters