12 კგ "ჰეროინი", 1,3 კგ კოკაინი, 5 კგ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - შსს-ს მიერ სამ თვეში ამოღებული ნარკოტიკების სტატისტიკა

საქართველო, თბილისი - 2019-04-04 11:30:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, მამუკა ჭელიძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების  შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების სტატიტიკის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.

„2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების  შედეგად ამოღებულია: 12 კილოგრამამდე "ჰეროინი", 980 აბი "სუბუტექსი" და  "სუბოქსინი", 2200 აბი "ექსტაზი", 5 კილოგრამამდე ახალი ფსიქოაქტიური  ნივთიერება, 1 კილო და 350 გრამი კოკაინი და 250 გრამი ფსიქოტროპული  პრეპარატები. მიმდინარე წელს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისათვის  სისხლის სამართლის პასუხისგებაში 477 პირი მისცეს“, - განაცხადა ჭელიძემ.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურ ბრძოლას ნარკოდანაშაულთან, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გასაღებასთან.