დღეს, 21 თებერვალს, საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს კანონპროექტს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ.
კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება აზარტული/მომგებიანი თამაშების რეკლამა რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში და გარე რეკლამა ამ დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში.
გარდა ამისა, აიკრძალება აზარტული/მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპორტული პროგრამის სპონსორობისა.
წარმოდგენილი კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობისათვის განკუთვნილ შენობა ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც აღემატება 10 კვადრატული მეტრი ფართობის.
კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ამ რეგულაციების დაწესება განპირობებულია აზარტული და მომგებიანი თამაშობების გამო მძიმე სოციალური ფონით და მიზნად ისახავს სოციალური რისკების შემცირების აუცილებლობას.