ტურიზმის ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ საერთაშორისო პრესაში დაბეჭდილი ფოტოებისა და სტატიების გამოფენა გამართა

საქართველო, თბილისი - 2018-12-18 19:45:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს შესახებ საერთაშორისო გავლენიანი ჟურნალ-გაზეთებში დაბეჭდილი ფოტოებისა და სტატიების გამოფენა გამართა.  ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 2018 წელს მომზადებული  სტატიები, რომლებიც მსოფლიოში მაღალრეიტინგულმა გამოცემებმა მოამზადეს:   „National Geographic"  Conde Nast Traveller“, Forbes, NewYork Times, „The Telegraph,  „Liberation“ „Vogue“ და ა.შ.

გამოცემების ჟურნალისტებმა,  ბლოგერებმა და ფოტოგრაფებმა საქართველოში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის  მრავალმილიონიან  აუდიტორიას  საქართველოს ტურისტული მიმართულება   გააცნეს. 

საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზარზე წარმოჩენის მიზნით 2018 წელს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა 150  ტური , 128 პრეს-ტური, საქართველოს ეწვია 800  ჟურნალისტი მომზადდა 1000  ზე მეტი სტატია და 150 სიუჟეტი.

4 წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოში საერთაშორისო მედიის და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის  469 ტური მოეწყო. საქართველოს 2683 ჟურნალისტი, 1067  საერთაშორისო ტუროპერატორი ეწვია. მომზადდა 3014 სტატია, ბლოგი და 408 სატელევიზიო სიუჟეტი და გადაცემა.