გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა 25%-ით ძვირდება

საქართველო, თბილისი - 2018-12-03 12:14:00

გუდაურში საბაგიროებით სარგებლობა 25%-ით ძვირდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, წინა სეზონზე 1-დღიანი აბონემენტის ფასი 40 ლარს შეადგენდა, წელს კი, 50 ლარი იქნება. 2-დღიანი მულტიპასის ღირებულება 80-დან 100 ლარამდე იზრდება. თუ 10-დღიანი აბონემენტი 320 ლარი ღირდა, ახალი ფასი 400 ლარია.

გუდაურში საბაგიროზე ერთი ასვლის ღირებულება კვლავ 10 ლარი იქნება. ასევე 10 ლარი ეღირება ახალი საბაგირო კობი-გუდაურით სარგებლობა და ღამის სრიალი.

7-დღიანი მულტიქარდის ღირებულება, რომელიც გუდაურზებაკურიანზეგოდერძიზე და სვანეთზე ვრცელდება, 250 ლარის ნაცვლად, 312 ლარი იქნება. სეზონური მულტიქარდი კი, 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი ეღირება.

ტარიფები ტრადიციულად, მარტის მეორე ნახევრიდან იკლებს. მაგალითად, 1-დღიანი აბონემენტის ფასი გუდაურში 11 მარტის შემდეგ 40 ლარი, 1-ლი აპრილის შემდეგ კი, 30 ლარი იქნება.

წინა სეზონთან შედარებით, უცვლელია საბაგიროების ღირებულება ბაკურიანის, გოდერძისა და სვანეთის კურორტებზე.

ზამთრის კურორტებზე სეზონის გახსნა 8 დეკემბრიდან დაიწყება.

კურორტ გოდერძიზე სეზონი 8 დეკემბერს გაიხსნება, გუდაურში – 15 დეკემბერს. ამასთან, დიდველის სათხილამურო ტრასა დამსვენებლებს 8 დეკემბრიდან მიიღებს, თეთნულდი-ჰაწვალის და კოხტა-მიტარბის ტრასები – 22 დეკემბერს.