აკაკი საღირაშვილი სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანიის, „Küehne + Nagel“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 2018-11-22 15:18:00

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი  22 ნოემბერს  შვეიცარიული სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანიის,  „Küehne + Nagel“-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივები. კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას 2019 წლის მეორე ნახევარში განიხილავს.

„Küehne + Nagel“ წარმოადგენს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც 1980 წელს ქ. ბრემენში, გერმანიაში დაარსდა. კომპანია ეწევა საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვებს, საკონტრაქტო და ინტეგრირებულ ლოგისტიკურ მომსახურებას. „Küehne + Nagel“ გააჩნია 1300-მდე წარმომადგენლობა 100 ქვეყანაში. დასაქმებული ჰყავს მთლიანობაში დაახლოებით 97 000 თანამშრომელი. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა კი 2017 წელს 18.59 მილიარდი შვეიცარული ფრანკი  (სუფთა მოგება - 7,02 მილიარდი CHF) შეადგინა. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიაში, ქალაქ ფოიზისბერგში.

„Küehne + Nagel“ შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო-ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.