პრემიის გაუცემლობის გამო პოლიციელებმა პაპუა ახალი გვინეის პარლამენტის შენობა დაარბიეს

საქართველო, თბილისი - 2018-11-20 13:24:00

პაპუა ახალ გვინეის პარლამენტს თავს პოლიციელების ჯგუფი დაესხა. დაპირებული სახელფასო დანამატების მიუღებლობის გამო განრისხებულმა პოლიციელებმა შენობა შტურმით აიღეს, დაწვეს ავეჯი და შეურაცხყოფა მიაყენეს იქ მყოფ პირებს.

პოლიციელების გაღიზიანება, პაპუა-ახალ გვინეაში ჩატარებული „აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის სახელფასო დანამატების მიუღებლობა გახდა.

„პოლიციელები შეშფოთებულნი არიან იმის გამო, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს. დილით მათ შეიტყვეს, რომ დაპირებულ დანამატებს არ გადაუხდიდნენ“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა დომინიკა კაკასმა.

მედიის ცნობით, პოლიციელების დანამატი 350 გვინეური კინა იყო, რაც დაახლოებით 104 აშშ დოლარს შეადგენს.

„აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი პაპუა ახალ გვინეაში გასულ კვირას გაიმართა.