რქოსანი პირუტყვის დაკვლა - 23,6 ლარი ღირს, ცხვრის/თხის დაკვლა - 11,0; ღორის - 21,1 ლარი - საქსტატი

საქართველო, თბილისი - 2018-11-20 12:27:00

„საქსტატის“ მონაცემებით, რომელიც გამოკვლევის შედეგებზეა მომზადებული, საქართველოს მასშტაბით, III  კვარტალში საქართველოში  100  ერთეული  ცხოველთა და  ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.

ამავე კვლევის მიხედვით, სასაკლაოებში დაკლულია 186,8  ათასი  სული პირუტყვი, მათ შორის 23,7 პროცენტი  მსხვილფეხა, ხოლო 76,3 პროცენტი   -  წვრილფეხა   (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო  პერიოდის განმავლობაში  სასაკლაოებში   დაკლული ფრინველის  რაოდენობა   2662,0  ათასი ერთეულით განისაზღვრა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ერთეული   პირუტყვის  დაკვლაზე   მომსახურების   საშუალო   ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვის დაკვლა  - 23,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა  - 11,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა  - 21,1 ლარი.

სასაკლაოების  მიერ 2018  წლის III  კვარტლის  განმავლობაში  11339,9  ტონა ხორცი იქნა წარმოებული  (იგულისხმება  დაკლული  წონა, ფრინველის  ხორცის ჩათვლით), საიდანაც  37,8 პროცენტი  მოდის მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვის ხორცზე,  32,9 პროცენტი  - ფრინველის,  15,1 პროცენტი  - ცხვრისა  და თხის ხორცზე,  14,1 პროცენტი  - ღორის, ხოლო 0,1 პროცენტი  - სხვაზე.