საქართველოს მასშტაბით, მესამე კვარტალში, 186 ათას 800 სული პირუტყვი დაკლეს

საქართველო, თბილისი - 2018-11-20 12:19:00

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018  წლის III  კვარტალში საქართველოში  100  ერთეული  ცხოველთა და  ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21,0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15,0 პროცენტი  - კახეთში, 14,0 პროცენტი  - შიდა ქართლში, 12,0 პროცენტი  - იმერეთში,  10,0 პროცენტი  - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს,  ხოლო დანარჩენი 28,0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებულ.

გამოკვლევის  შედეგების მიხედვით, 2018 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 186,8  ათასი  სული პირუტყვი, მათ შორის 23,7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 76,3 პროცენტი   -  წვრილფეხა   (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო  პერიოდის განმავლობაში  სასაკლაოებში   დაკლული ფრინველის  რაოდენობა   2662,0  ათასი ერთეულით განისაზღვრა.

სასაკლაოების  მიერ 2018  წლის III  კვარტლის  განმავლობაში  11339,9  ტონა ხორცი იქნა წარმოებული  (იგულისხმება  დაკლული  წონა, ფრინველის  ხორცის ჩათვლით), საიდანაც  37,8 პროცენტი  მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე,  32,9 პროცენტი  - ფრინველის,  15,1 პროცენტი  - ცხვრისა  და თხის ხორცზე,  14,1 პროცენტი  - ღორის, ხოლო 0,1 პროცენტი  - სხვაზე.

მომსახურება   გაეწია 11,5   ათას  პირს,  საიდანაც 40,4   პროცენტი შინამეურნეობებების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილი.  სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ  1099 კაცი შეადგინა.

ერთეული   პირუტყვის  დაკვლაზე   მომსახურების   საშუალო   ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი  პირუტყვის დაკვლა  - 23,6 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა  - 11,0 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა  - 21,1 ლარი.