სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია იქმნება

საქართველო, თბილისი - 2018-11-19 12:50:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის და USAID/Zrda-ს ინიციატივით სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დაფუძნდება. ახალციხეში, რაბათის ციხესიმაგრეში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის ტურიზმის მართვის ორგანიზაციის (DMO) სამომავლოდ დაფუძნების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

DMO-ს მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.

DMO-ს დაარსებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და USAID/Zrda ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, ასევე სამცხე-ჯავახეთში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას.