ირაკლი კოვზანაძე გაისად საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ზრდას ვარაუდობს

საქართველო, თბილისი - 2018-11-13 20:56:00

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა, სავარაუდოდ, 5%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

კოვზანაძის თქმით, მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში  მთლიანი შიდა პროდუქტის 4,5%-იანი ზრდაა გათვალისწინებული. თუმცა, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მთავრობამ  ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კონსერვატული მიდგომით დაგეგმა.

„წელსაც ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის 4,5%-იან ზრდაზე, თუმცა, ცხრა თვის მონაცემებით, ამ მაჩვენებელმა 4,9%-ს მიაღწია. ამავე პერიოდში 280 მილიონი ლარის მოცულობით დამატებითი შემოსავლები მივიღეთ. ამ მონაცემების გათვალისწინებით, ვვარაუდობ, 2019 წელს  უფრო მაღალი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მიხედვით, საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.