თბილისში ესტონეთი-საქართველოს ბიზნეს-კონფერენცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2018-11-05 16:01:00

6 ნოემბერს, 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება ბიზნეს-კონფერენცია:  „ესტონეთი-ინოვაციური პლატფორმა საერთაშორისო ბიზნესისთვის“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, ესტონეთის საელჩო საქართველოში, საააგენტო - „აწარმოე ესტონეთში“  და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭო. ღონისძიების მიზანი ქართული კომპანიებისთვის ესტონეთის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობაა.  ბიზნეს - კონფერენცია  ძირითადად დაეთმობა ინდუსტრიული მრეწველობის, IT ტექნოლოგიებისა და ლოჯისტიკის სფეროში ესტონეთის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. 

ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა გახსნიან. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პრეზენტაციები ესტონეთის სტარტაპ ეკო-სისტემის, საერთაშორისო ბიზნესის პერსპექტივებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს გარემოების ერთგვაროვნების შესახებ.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ესტონურ მხარესთან აქტიურად თანამშრომლობს. ბოლო 2 წლის განმავლობაში,  ესტონურ მხარესთან თანამშრომლობით თბილისში  2, ტალინში კი  1  ბიზნეს-ფორუმი გაიმართა. ბოლო ასეთი ღონისძიება საქართველოში ესტონეთის პრეზიდენტის, კერსტი კელულაიდის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში შედგა.

2018 წლის 9 თვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოსა და ესტონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაიზარდა 33%-ით და განისაზღვრა 9,73 მლნ. აშშ დოლარით. ექსპორტი გაიზარდა 169%-ით და 5,96 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.