აღნიშნული ფორმით პრივატიზებისას კანონმდებლობით განისაზღვრება ელექტრონული უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ვალდებულება. "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონპროექტი იმ სახელმწიფო ქონების ამომწურავ ნუსხას განსაზღვრავს, რომელიც პრივატიზებას არ ექვემდებარება, განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა.
"ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ლევან ვეფხვაძემ ამ ჩამონათვალში მაგისტრალური გაზსადენის არსებობა გააპროტესტა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ლაშა თორდიას განმარტებით, გაზსადენის პრივატიზების შემთხვევაში საკონტროლო პაკეტი აუცილებლად სახელმწიფოს დარჩება. თუმცა, მისი თქმით, აღნიშნული ობიექტის პრივატიზება არ მოხდება.
სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დანაშაულის გამოვლენის მექანიზმის გაუმჯობესების მიზნით ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც. ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მონოპოლიურად მაღალ ან დაბალ ფასებს დააწესებენ, კონკურენციის შეზღუდვით ბაზარს გაყოფენ, ეკონომიკური საქმიანობის სხვა სუბიქტს ბაზრიდან გააძევებენ ან ერთიან საბაზრო ფასს დაადგენენ, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცემიან.
"ამით მაქსიმალურად გამოირიცხება სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე მხარეებს შორის წინასწარი მოლაპარაკებების გზით შესყიდვების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენა", - განაცხადა ლაშა თორდიამ.
კომიტეტების წევრებმა განიხილეს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენისთვის მომზადებული ცამეტი კანონპროექტი.