შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

საქართველო, თბილისი - 2017-01-05 09:54:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული გ.მ. თბილისში, ავტოსადგურ „ოკრიბას“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.