შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 2016-07-31 11:08:00

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული გელა ქ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 130 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით, გელა ქ.-ს ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).