სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველო, თბილისი - 2016-06-18 12:15:00

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - 1974 წელს დაბადებული მაგომედამინ გ. და 1994 წელს დაბადებული ბათირ მ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.