განაჩენების გადახედვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

საქართველო, თბილისი - 2016-06-07 12:18:00

იმ პირთა განაჩენების გადახედვა, რომლებსაც პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სტატუსი პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით აქვთ მინიჭებული, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა საფუძველზე მოხდება.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნას 2017 წლის 1 -ელ ივნისამდე.
შესაბამისი ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში ხორციელდება, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

კერძოდ, ცვლილების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება განაჩენი საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების მიმართ, თუ ეს განაჩენი გამოტანილია აღნიშნული დადგენილების მიღებამდე და შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილი იქნება 2017 წლის 1 -ელ ივნისამდე.
პროექტის ავტორები გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია არიან.
პარლამენტის აღნიშნული დადგენილებით, 190 მსჯავრდებული მიჩნეული იქნა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირად, ხოლო 25 პირს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიენიჭა.