შსს-მ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი წაუყენა

საქართველო, თბილისი - 2016-06-02 09:15:00

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 მაისს  სოფელ კორცხელში, შუალედური არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილე ექვს პირს ბრალი წაუყენა. როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ბრალი წაუყენეს იმ პირებს, რომლებიც მოგვიანებით ნებაყოფლობით გამოცხადდნენ სამინისტროში. 

"ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, 2016 წლის 1 ივნისს, ინციდენტში მონაწილე 5 პირს: გიორგი გ.-ს, კობა ტ.-ს, გიორგი გ.-ს, ნოშრევან წ.-ს და გრიგოლ ტ.-ს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით"- ნათქვამია განცხადებაში.