ე. წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდეს

საქართველო, თბილისი - 2016-05-16 10:06:00

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულებს 7-7 წლით პატიმრობა შეუფარდეს, განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა. ამის შემდეგ კი სხდომა დაიხურა. 
თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი, 4 მილიონ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით, 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია „სილქნეტი“ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, „სილქნეტმა“ 6 მილიონი ლარი მიიღო.
ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე აცხადებენ, რომ ბრალდება უსაფუძვლო იყო.