ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე-ოფიცერი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2016-05-05 11:16:00

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საბაჟო გამშვები პუნქტის, „მტკვარის“ მებაჟე-ოფიცერი პაატა ირემაძე.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით,  დიდი რაოდენობით ვეტერინარული მედიკამენტების ფარულად, უკანონოდ შემოტანაში დახმარებისა და მფარველობის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა გარკვეული თანხა.

საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 11 წლამდე ვადით.