შსს „საქართველოს ბანკზე“ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 2016-04-15 14:32:00

შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ოპერატიულად აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თბილისის სამმართველოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკზე“ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი დანაშაულის ადგილზევე აღკვეთეს. თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალში, რომელსაც დაცვის პოლიცია საგანგაშო ღილაკით იცავს, შეიარაღებული პირი შეიჭრა და ბანკის დაყაჩაღება სცადა.

შსს-ს დაცვის პოლიციაში განგაშის სიგნალის შესვლისთანავე, ოპერატიული რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გავიდა. სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული ირაკლი კ. ადგილზევე დააკავეს, ნივთმტკიცებად – ცეცხლსასროლი იარაღი და ხელჩანთა, ნაძარცვი თანხით ამოიღეს.

აღნიშნული ფაქტი, შემდგომი რეაგირებისთვის, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადაეცათ“, - აცხადებენ შსს-ში. 

მათივე ცნობით, გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით მიმდინარეობს. საქმეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.