იუნა შაფათავა: ლევან მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დავშორდი

საქართველო, თბილისი - 2016-03-08 17:14:00

„თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივნის ალექსი პეტრიაშვილის საქმეზე დაკავებული ლევან მექვაბიშვილი ჟურნალისტ იუნა შაფათავას ყოფილი ქმარია. ამის შესახებ „რუსთავი 2“ -ს შაფათავამ განუცხადა. იგი მექვაბიშვილს დადებითად ახასიათებს. მისივე თქმით, მექვაბიშვილს 2007-2008 წლებში დაშორდა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტი არ ჰქონია.
„ლევან მექვაბიშვილი ძალიან კარგი ადამიანია. ის კარგი სპორტსმენი და დამსახურებული მოკრივეა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრიც იყო და სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაზე წარმატებით ასპარეზობდა“, - განაცხადა შაფათავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე ლევან მექვაბიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.