"მშენებლობის დასრულების შემდეგ სარაკეტო კრეისერი "უკრაინა" შესაძლოა რუსეთს გადავცეთ", _ ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ეჟელმა უკრაინის პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
მისივე თქმით, დღეს ეს კრეისერი არ არის უკრაინის კრეისერი _ "იგი ფაქტობრივად, ობიექტია რომელიც მშენებლობის პროცესში იმყოფება".
"ამიტომაც სახელწოდებას "უკრაინა" იგი არ უნდა ატარებდეს. ეს ობიექტია, რომელიც სახელმწიფო დაკვეთით შენდება. ღვთის შეწევნით ჩვენ მის მშენებლობას გადასრულებთ და რუსეთის ფედერაციას გადავცემთ", _ დასძინა მინისტრმა.
ეჟელმა ისიც აღნიშნა, რომ კრეისერის მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო, თუმცა მოგვიანებით, ცხადი გახდა, რომ უკრაინას არ აქვს სარაკეტო კომპლექსი "ბაზალტი" რომლითაც კრეისერი უნდა აღიჭურვოს. "ეს რაკეტები კი დღეს ალბათ თავად კრეისერზე უფრო ძვირი ღირს", _ აცხადებს ეჟელი.
ამავე დროს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის ამ განცხადების გაკეთების შემდეგ, რუსეთში განაცხადეს, რომ რუსეთი ელის, რომ ძალიან მალე შეეძლება კრეისერის ჩართვა თავის ფლოტის შემადგენლობაში.
"ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაში დგას სარაკეტო კრეისერი "უკრაინა", რომელიც ისეთივე კლასისაა, როგორიც კრეისერები "მოსკოვი" და "უსტინოვი". მისი მზადყოფნა 70 % შეადგენს და იგი შეიძლება რუსეთის საზღვაო შეიარაღებულ ძალებში იქნეს ჩართული", _ აცხადებს რუსეთის დუმის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი მიხეილ ნენაშევი.